შიდა ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, შიდა ქართლში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე დასრულების ეტაპზეა წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთი, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. აღნიშნული გზის გამართულად ფუნქციონირება, მოსახლეობისთვის, ტურისტული თვალსაზრისით და მომლოცველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, ასევე, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებებიც, ავტოსადგომი, საგზაო ნიშნები და მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3.6 მლნ ლარამდეა.