საზოგადოება
24.08.2022 12:06
პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის მოქალაქეებს კონსტიტუციის დღე მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა.

„გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია. უზენაესი კანონი, რომელიც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციას - თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველმხრივი განვითარების საფუძვლებს ქმნის. იგი ასახავს საზოგადოების შეთანხმებას ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს; ამკვიდრებს და იცავს კანონის უზენაესობას, თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; განსაზღვრავს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცხოვრების მიმართულებებს; კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში. უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა“ , - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

 

კვირის ამბები