საზოგადოება
24.08.2022 11:39
ქიწნისის საბავშვო ბაღის რებილიტაცია სამ თვეს გაგრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში არსებული საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული სავარაუდო ხარჯი 322 380 ლარს შეადგენს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ერთსართულიან შენობას, სადაც 29 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და მოეწყობა ახალი კომუნიკაციები, ასევე, დამონტაჟდება გათბობის ახალი სისტემა. ამასთან, გათვალისწინებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოს კეთილმოწყობა და ატრაქციონების განთავსება.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის პერიოდის განმავლობაში, აღსაზრდელები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩასტარებია.

კვირის ამბები