ეროვნული თავდაცვის აკადემია 110-მა ლეიტენანტმა დაამთავრა. სასწავლებლის დამთავრება ლეიტენანტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს.
იუნკრებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ. გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც თავდავის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ, წარჩინებულები კი, საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, საპატიო სიგელები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს და იუნკერებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე აღინიშნება აკადემიის 103 წლის იუბილე. თარიღთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აკადემიის წარმომადგენლები, ასევე აკადემიის პირადმა შემადგენლობამ სასწავლო წლის განმავლობაში განსაკუთრებული შრომისთვის სტატუეტი „იუნკერი“ მიიღო. საპატიო საჩუქრები - „დავით აღმაშენებლის“ სტატუეტები გადაეცა თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.