დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
„ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გორში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი აპლიკაციის შევსება სამების ქ. N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე მეორე ცხადდება. 2022 წელს, ჯამში, 200-მდე მიგრანტი დაფინანსდება.