დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკასთან და ქვეითებთან ერთად, ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა.
ადგილზე შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობე.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.
ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში გუშინ საღამოდან ჩაერთო საქართველოს თავდაცვის ძალებიც.