საქართველოში სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რამდენიმე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სკოლების შერჩევა უკვე დაწყებულია.
,,მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იწყება. არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 320 სკოლის შენობის რეაბილიტაცია, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, ამჟამად მიმდინარეობს იმ სკოლოების შერჩევა, რომელთა რეაბილიტაციაც მოხდება, გორში რამდენ ერთეულზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, დაზუსტებით ჯერ არ შემიძლია ამის თქმა. გათვალისწინებულია სკოლების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ლაბორატორიებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი კეთილმოწყობილი სკოლა გვექნება“, - განაცხადა ტერმაკოზაშვილმა.
ცნობისთვის, 1 მლრდ. ლაღის ღირებულების პროექტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გაიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, სადაც პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.