სამართალი
19.08.2022 14:11
სოფელ ავლევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს - განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც ბრალდებულს დაუმეგობრდა. მოგვიანებით, წყვილმა გოგონას მშობლებთან გააგრძელეს ცხოვრება და მათი მეთვალყურეობით იღებდნენ მედიკამენტებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

კვირის ამბები