საზოგადოება
19.08.2022 10:43
მასწავლებლებს გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო

მასწავლებლების გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს დაიწყო.

როგორც naec-ში განმარტავენ, სააპელაციო განაცხადების წარდგენა 23 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი და მხოლოდ ელექტრონულად ვებ.გვერდზე: online.naec.ge

ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - 50 ლარი. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში, თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება. გამოსაცდელს შესაძლებლობა აქვს, გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე დავალების შეფასება.

„გორის მაცნე“ გთავაზობთ სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციას: სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებ.გვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ. შესაბამის ველებში უნდა  შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი;

ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ, იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას);

შესაბამისი აღნიშვნების შემდეგ, სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

ცნობისთვის, საპრეტენზიო განაცხადებს დამოუკიდებელი კომისია განიხილავს. 

კვირის ამბები