საზოგადოება
18.08.2022 15:46
მასწავლებლებს გამოცდების შედეგების გასაჩივრება 19 აგვისტოდან შეეძლებათ

მასწავლებლების გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 19 აგვისტოდან დაიწყება და 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, - ამის შეასხებ ინფორმაციას naec-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გამოსაცდელს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე დავალების შეფასება. სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ, იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის რამდენიმე ვარიანტი იყო, მოხდება ქულათა გათანაბრება.

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე  online.naec.ge, შესაბამის ველში კი, მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, ტესტების ვარიანტების სირთულეების გათანაბრებისა და სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, შეიცვალოს ქულა. დეტალური ინფორმაცია აისახება აპლიკანტის პირად სარეგისტრაციო გვერდზე.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ყველა საგანში დაასრულა.

კვირის ამბები