გორის მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, სამუშაოების შესყიდვისთვის 10.9 მლნ. ლარია გათვალისწინებული, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულდა.
,,როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს იგეგმება სადგურის დასახლებაში, კეცხოველის ქუჩაზე მდებარე გორის მეთერთმეტე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გუშინ გამოცხადდა და 10.9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულდა. ახალი სკოლა იქნება აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ინფრასტრუქტურის მქონე შენობა“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ცნობისთვის, გორის მე-11 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გახდა.
სკოლის ახალი შენობა სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აშენდება.
მე-11 სკოლაში ამ დროისთვის რეგისტრირებული 240 მოსწავლე, მშენებლობის დასრულებამდე, მე-6 საჯარო სკოლის შენობაში გააგრძელებს სწავლას.