საზოგადოება
17.08.2022 11:18
დაგეგმილია 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია - საქართველოში სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების 1 მილიარდიანი პროექტი იწყება

საქართველოში მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება. მთავრობის ხელმძღვანელის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება ტენდერი.

პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ერთად, პროექტის დეტალების განხილვა მოხდა.

პროექტის თანახმად, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 320 სკოლის შენობის რეაბილიტაცია, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს, გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

პროექტის ღირებულება 1 მლრდ. ლარს შეადგენს.

კვირის ამბები