ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება. საუბარია როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავზე.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება და ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებაა.
„დღეისათვის ნავთობზე ფასები უკვე შემცირებულია. ფაქტობრივად, ნავთობის ფასები უბრუნდება ომამდელ ფასებს. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ბაზრის ფასებმა შემცირება დაიწყო და ეროვნული ვალუტაც მყარდება, ჩვენთანაც საწვავმა გაიაფება დაიწყო. ფასების კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ბენზინის შეძენა საშუალოდ სამ ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება დიზელს, დიზელიც 30-40 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება ბრენდირებულ სადგურებს, აქაც შემცირებულია ფასები, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ სახეზეა, მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტური გვაქვს. აგვისტოში ფასების კლება გაგრძელდება“, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, საერთაშორისო ფასი ე.წ. პლაცის მიხედვით, ერთი ტონა ბენზინზე 917 დოლარია. რაც შეეხება დიზელს, მისი ღირებულება 1 022 დოლარამდეა შემცირებული.