საზოგადოება
08.01.2020 13:05
რა ვადით გაიცემა ე.წ. უჩიპო პირადობის მოწმობა და რა დოკუმენტის წარდგენა მოუწევს მსურველს

პირი, რომელიც რელიგიური შეხედულების გამო ელექტრონული პირადობის მოწმობაზე უარს აცხადებს, არაელექტრონული მოწმობის აღებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ აღმსარებლობის კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს. მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, მხოლოდ მოქალაქის განცხადების საფუძველზე არაელექტრონული მოწმობა არ გაიცემა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, აღნიშნული, ე.წ. უჩიპო დოკუმენტის მოქმედების ვადა მხოლოდ 1 თვით განისაზღვრა (პირადობის/ბინადრობის მოწმობის საფასური 20 ლარია და 10 სამუშაო დღეში გაიცემა).

აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში მიიღო სარჩელი, რომელიც პირადობის მოწმობის გაცემის წესში ცვლილებას ეხება და რელიგიური შეხედულების გამო ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემას უკავშირდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მოქალაქეები ისარგებლებენ დროებითი ე.წ. უჩიპო პირადობის მოწმობით (აღმსარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე გაცემული ერთთვიანი მოქმედების ვადის მქონე პირადობით).

კვირის ამბები