სამართალი
15.08.2022 15:26
ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გორელ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 13 აგვისტოს, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ლექსო ინდუაშვილს, რომელსაც ბრალდება 108-ე მუხლით წარედგინა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ქ. ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 წლის რ. ლ. კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ზაზა მინდიაშვილი იცავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 ოქტომბერს ჩაინიშნა.

კვირის ამბები