საზოგადოება
15.08.2022 15:02
იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ აგვისტოს ბოლომდე, 20-30 თეთრით დააკლებენ საწვავზე ფასებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საჭიროა, გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა, რომ იმპორტიორების კეთილსინდისიერება შეამოწმონ.

„ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან. რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა. შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ ჯამში, 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კვირის ამბები