11 აგვისტო საამაყოცაა და ტრაგიკულიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.
აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც გმირულად დაღუპული 17 გმირის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
„14 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, სამშობლოს დასაცავად 22 ჯარისკაცი იბრძოდა. მათ შორის 17, გმირულად შეეწირა უთანასწორო ბრძოლას. ეს დღე საამაყოცაა და ტრაგიკულიც ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და საქართველოს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
შინდისის გმირების მემორიალთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე შინდისის გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.