რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ყველაზე ცნობილი ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. შინდისის გმირების მემორიალთან, წლევანდელ 11 აგვისტოსაც შეიკრიბნენ გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლები.
ოფიციალური ინფორმაციით, მე-2 ქვეითი ბრიგადა საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის რაიონის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც შინდისის რკინიგზის სადგურზე, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა.
„შინდისის ბრძოლაში“, სადაც ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს საბრძოლო რესურსი მხოლოდ საათსა და ოც წუთს ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა.
„ჩემი შვილი, რომანი იყო დაჭრილი და მისი ნათლია, ალეკო ონიანი კი, საღ-სალამათი იყო დარჩენილი და ბიჭებს ეუბნეოდა, მოდით ახლოს ვინც დარჩენილები ხართ, ერთი ხელყუმბარა მაქვს დარჩენილი და ამ რუს აგრესორებს არ ჩავბარდეთო. მერე მამაოს ურეკავდა, ვერ დაუკავშირდა, ამიტომ თვითონვე ჩაიკითხა ,,მამაო ჩვენო“ და ყუმბარა გახსნა. ამ დროს, დაახლოებით, 45 მეტრში იყვნენ აგრესორები, ისინიც დაიხოცნენ და ბუნებრივია ჩვენებიც არცერთი გადარჩენილა. კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ, რომანს, 16-ში დილით მაინც ვეძებდით საავადმყოფოებში, გვეგონა, ცოცხალი იქნებოდა. საღამოს კი დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ შინდისიდან ცხედრები ჩამოიყვანეს და ამოიცანითო“, - იხსენებს რომან ზოიძის დედა, მარინა ზოიძე.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.