შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, შინდისის გმირებისა და გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი კიდევ უფრო აძლიერებს ვალდებულებას, „რათა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისთვის“.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.
„შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირობის ეპიზოდია 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში, თუმცა ასევე, ერთ-ერთი უმძიმესი, რომელსაც 17 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში.
საქართველოს სასახელო გმირების ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო, ვუსურვო შემართება და გამძლეობა მოუშუშებელი ტკივილის გამკლავებაში.
მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს დაღუპული გმირების პატივის მიგებასთან ერთად მათი თავგანწირვა, ისევე როგორც ჩვენი გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი, არის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის იმედის რწმენას და ვალდებულებას, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.