მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს გაუზარდეს ასეთი ადამიანები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძე შინდისის ცნობილი შეტაკების ადგილას ხელისუფლებს წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა და 17 ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.
„14 წლის წინ, აქ მოხდა ტრაგედია, თუმცა, დღეს, 14 წლის შემდეგ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს გაუზარდეს ასეთი ადამიანები. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად, საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ითავისებს, თუ რა გმირობა ჩაიდინეს ამ ბიჭებმა სამშობლოსთვის, რა ღვაწლი აქვთ და ეს დღე დაწესდება როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე, როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად - გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე, ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს 14 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეტაკების - შინდისის ბრძოლის - შემდეგ, რა დროსაც, სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა და ქვეყანას თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენა.