შინდისის გმირების მონუმენტი ფაქტობრივად დასრულებულია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მუზეუმის მშენებლობა წელს დაიწყება და უახლოეს მომავალში დასრულდება.
„ჩვენ, 1 წელიწადში შევძელით და მონუმენტი ფაქტობრივად დავასრულეთ. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში აღნიშნული მონუმენტი გაიხსნება. ჩვენ მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსიაც გვქონდა, თუმცა, ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ არსებული ესკიზი შეგვენარჩუნებინა. რაც შეეხება მუზეუმის გახსნას, მისი მშენებლობა წელს დაიწყება და უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.