ტექინსპექტირების ცენტრის მიერ ყოველ შემდგომ დახარვეზებაზე ჯარიმის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. სავარაუდოდ, ფასიანი გახდება განმეორებითი ტექნიკური შემოწმებაც, - შესაბამისი რედაქციით საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და მისი განხილვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.
კანონპროექტის მიხედვით, ტექინსპექტირების ცენტრის მიერ დახარვეზების შემთხვევაში, პირველადი ჯარიმის თანხა 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის, გიორგი შიოლაშვილის ინფორმაციით, ტექინსპექტირების ცენტრებს ძირითადი სამუშაო დროის 35-40%-ის განმავლობაში განმეორებითი ტექინსპექტირების სერვისის უფასოდ განხორციელება უწევთ, რაც მათთვის ფინანსურად საკმაოდ დამაზიანებელია.
„ხშირ შემთხვევაში, ავტომფლობელს ურჩევნია, რომ ჯარიმის გადახდით გადაადგილდებოდეს გზებზე და ავტომობილი ტექინსპექტირებაზე არ გაატაროს. ჯარიმის ოდენობა ფიქსირებული 50 ლარია და ავტომფლობელი რამდენჯერმე რომც დაჯარიმდეს, მაინც იგივე თანხას იხდის. იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული და შემოდგომაზე განიხილება, პირველადი დაჯარიმებისთვის 50 ლარი რჩება, თუმცა, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ. შესაბამისად, ავტომფლობლისთვის ფინანსურად მომგებიანი აღარ იქნება, რომ გზებზე ჯარიმების გადახდით იმოძრაოს და ტექინსპექტირება არ გაიაროს.
ამასთან, დღეის მდგომარეობით, განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო, რაც რეფორმის საწყისი ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ სწორად იყო დაგეგმილი და ამ მხრივ აღნიშნული შეღავათი ნამდვილად საჭირო იყო. არსებულმა რეალობამ აჩვენა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებს თავიანთი დროის 35-40%-ის განმავლობაში განმეორებითი ტექინსპექტირების სერვისის უფასოდ განხორციელება უწევთ, რაც მათთვის ფინანსურად საკმაოდ დამაზიანებელია. ჩვენ მიერ მოძიებული იქნა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ევროკავშირის მასშტაბით პრაქტიკა და განმეორებითი ინსპექტირება საფასურის გარეშე არსად არ არის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად დგას საჭიროება და იგეგმება, რომ განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი გახდეს. გარკვეული საფასურის შემოღებით, ტექინსპექტირების ცენტრებს შესაძლებლობა ექნებათ, თანამშრომლებს მეტი მოტივაცია მისცენ და ანაზღაურება გაუზარდონ. ვფიქრობ, შემოდგომაზე, განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის შემოღების საკითხი განხილვის საგანი გახდება“, - განაცხადა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ.