საქართველოს იუსტიციის მინისტრი თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, რუსთავის, ბათუმისა და თელავის შემდეგ გორს ეწვია. რატი ბრეგაძემ პირადად მიაწოდა ინფორმაცია გორის მოსახლეობას, სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ.
მინისტრის ანგარიში იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალი სსიპებ-ის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს და იმ პროგრესს ასახავს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული. კერძოდ, მოხსენების მიხედვით, დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“;
ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია;
გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში;
დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“);
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან;
სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა კიდევ 12 ადმინისტრაციულ ერთეულში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ;
პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება;
პრობაციის ბიუროები გაიხსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.
იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შესმრულებელი სიმონ გულედანი და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები.