სპორტი
10.08.2022 14:53
„შინდისის გმირების“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი ხვალ გაიმართება

ხვალ, 11 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული „შინდისის გმირების“ ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული მემორიალური ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში.

ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო გახლავთ. სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

როგორც ცნობილია, ტურნირის ფარგლებში, საუკეთესოები 60, 70, 80 და +80 კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ადგილზე გასულ ფალავნებს გადაეცემათ თასები, მედლები და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით; მეორე ადგილზე გასული - 300 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მოჭიდავე - 200 ლარს მიიღებს.

რაც შეეხება აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს, სააგენტოს ცნობით, ფალავანს გადაეცემა შესაბამისი თასი, მედალი, ფულადი ჯილდო 1000 ლარი და ყოჩი; მეორე ადგილზე გასული - 600 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მოჭიდავე - 400 ლარს მიიღებს.

ცნობისთვის, ტურნირი 14:00 საათზე, სოფელ შინდისში დაიწყება. შეჯიბრება ტარდება „შიდა ქართლის თამაშები 2022“-ის ფარგლებში.

კვირის ამბები