საზოგადოება
08.08.2022 23:55
ომის უცნობი ფოტოები 14 წლის შემდეგ - ოთო გვრიტიშვილის ობიექტივში მოხვედრილი 2008 წლის აგვისტო

მაშინ 24 წლის ვიყავი, არსად არ ვმუშაობდი, უბრალოდ, მქონდა ფოტოაპარატი, დავდიოდი და ვიღებდი ომის საშინელებას, მიზანი მხოლოდ ის მქონდა, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ენახა, რა ვითარება იყო გორში, - ასე იხსენებს ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ოთო გვრიტიშვილი იმ ფოტოსურათების ისტორიას, რომელთა ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას ომიდან მხოლოდ 14 წლის შემდეგ მიეცა.

ფოტოსურათების ჩვენება ლომჭაბუკის მონუმენტთან გაიმართა. გვრიტიშვილის განცხადებით, ფოტოები დაკარგული იყო.

,,აღმოჩნდა ისე, რომ ეს ფოტოები დაკარგული იყო და წვდომა არავის არ ჰქონდა, დაბეჯითებით ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ფოტოები ნამდვილად მქონდა გადაღებული. ომის დღეებში, როცა ამ ფოტოებს ვიღებდი, როგორც იცით, სერვერები გაგვითიშეს, კიდევ ბევრი პრობლემა იყო და ფაქტობრივად, ამ ფოტოების გავრცელება ვერ ხერხდებოდა. ეს ფოტოები შენახული მქონდა კომპიუტერში, ასე ვთქვათ, საარქივო კომპიუტერში, შემდეგ კი გაგვიძარცვეს ის ოფისი, სადაც ეს კომპიუტერი იდგა და სხვა ნივთებთან ერთად, კომპიუტერიც მოიპარეს. როდესაც ამ ფოტოებს ვიღებდი, ნაწილი მაშინდელი გამგეობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პიარის სამსახურის თანამშრომლებს მივაწოდე, სწორედ ამგვარად გადარჩენილა ომის დღეებში ჩემს მიერ გორში გადაღებული ფტოების მცირე ნაწილი, დაახლოებით, 20-25%, ახლახანს იპოვეს ეს დისკი, ბუნებრივია, ეს არ არის სრული ვერსია, იქ ბევრად მეტი მასალა იყო, კონკრეტულ ადგილები, სახეები, გაცილებით მძიმე კადრები იყო იმ დაკარგულ ფოტოებში. ეს გახლავთ 8, 9, 10, 11, 12 და 13 აგვისტოს გადაღებული ფოტოსურათები. მეუფის კურთხევით, ახალგაზრდებმა 13-ში დავტოვეთ გორი, მაგრამ 19 აგვისტოს კვლავ დავბრუნდი და ისევ გავაგრძელე გადაღება“, - აცხადებს ოთო გვრიტიშვილი.

კვირის ამბები