თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად თავდაცვის აკადემიის კურსანტებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდაა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალების შემსრულებელი სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიეტის მერი ვლადიმრ ხინჩეგაშვილი.
აკადემიაში მიმდინარე შეხვედრისას, მინისტრმა ლექცია წაიკითხა თემაზე - ,,საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“.
2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა - საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქართული მხარე ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია მოხდეს.
„14 წლის წინ, 2008 წელს, მთელმა მსოფლიომ იხილა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა და არაერთმა გმირმა სიცოცხლე შესწირა რუსულ აგრესიას იმისთვის, რომ საკუთარი სამშობლო დაეცვა. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ იმ გმირების უკვდავსაყოფად გავაკეთოთ ყველაფერი, რომლებმაც როგორც 2008 წელს, ასევე სხვა პერიოდებში, სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის გაიღეს ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის საკუთარი სიცოცხლე.
საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, როგორც ამ ომში, ასევე სხვა ნებისმიერი აგრესიის დროს და სიმართლე არის საქართველოს მხარეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კვლავ ბრძოლა სჭირდება და თითოეული ჩვენგანი მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გააგრძელოს, რათა ჩვენი საწადელი ბოლომდე იქნას მიყვანილი, რაც ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას გულისხმობს და საქართველოს სუვერენიტეტის გავრცელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ის არის აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით.
სწორედ ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ სტრასბურგში გაიმარჯვა საქართველომ, მათ შორის ჰააგის გადაწყვეტილება არის ამის გამოძახილი, - ერთხელ და სამუდამოდ გაირკვა სიმართლე, ვინ იყო მართალი, ვინ მტყუანი. მართალი იყო საქართველო“, - განაცხადა ბრეგაძემ.