2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებმა, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.
2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა“, - აღნიშნულია სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, ექიმი ტრავმატოლოგი გიორგი აბრამიშვილი დაიღუპა.