„მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგანადგურეს, მთავარია იმედი აღორძინებისა“, - სწორედ ეს ციტატა ახლავს თან მიურალს, რომელიც ქალაქ გორში, კირიონ II-ს ქუჩაზე განთავსდა.
„ომის მეხსიერება ქალაქში“ - ამ სახელწოდებით, 2022 წლის ივლისში კონკურსი გამოცხადდა, რომლის მიზანიც ომის მეხსიერების თემაზე ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრის შექმნა და ქალაქის სივრცეში განთავსება, ასევე, ჯანსაღი და ინფორმირებული დისკუსიის წახალისება იყო.
კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს, პირველ ადგილზე გასული 17 წლის გიორგი ტეტუნაშვილი გახლავთ, სწორედ მისი ჩანახატი გათავსდა გორში, კირიონ II-ს ქუჩაზე.
„ნახატი იტევს გამძლეობის, შეუპოვრობისა და მომავლის იმედის სიმბოლურ მნიშვნელობას. ასახავს ომის სისასტიკის შედეგების ფონზე, ადამიანს, რომელიც ცდილობს ნერგი თავიდან გაახაროს, სიცოცხლე გააგრძელოს და მავთულხლართებთან ასეთი სიახლოვის მიუხედავად, შეუპოვრად განაგრძოს თავისი საქმე“, - აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.
მიურალი ქალაქ გორში სიმბოლურად, 2022 წლის 7 აგვისტოს გაიხსნა.
კონკურსის მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს გიორგი ცაბაძემ და ქეთევან ბერაშვილმა. მათგან, პირველის ნამუშევარი გადმოსცემს ერთი ქართული ოჯახის ტრაგედიას, კონკურსის მეორე გამარჯვებულის ნახატში კი გადმოცემულია ის განცდები და ემოციებს, რომელიც დატოვა ომმა ქალაქის მეხსიერებაში.
ცნობისთვის, კონკურსი IDFI-ს პროექტის „ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის სამივე გამარჯვებულს 7 აგვისტოს, გრაფიტის გახსნასთან ერთად, გადაეცათ ფულადი პრიზები და სერთიფიკატები.