სოფელ ზეღდულეთში, 2008 წელს გაყიდულ საძოვარ ფართობებთან დაკავშირებით კვლავ ხმაურია
2008 წელს გაყიდულ საძოვარ ფართობებთან დაკავშირებით, სოფელ ზეღდულეთში კვლავ ხმაურია.
სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი კვლავ ითხოვს გაყიდული საძოვარი ფართობების სოფლისთვის უპირობოდ დაბრუნებას და მიწის მფლობელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ, რის გამოც მიწის მესაკუთრემ შესაბამის ორგანოებს მიმართა.
ამ წუთებში, სადაო მიწის ფართობში შეკრებილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ხვდება.
სოფლის კუთვნილი 75 ჰა. საძოვარი ფართობები 2008 წელს გაიყიდა საქართველოს მოქალაქეზე, რომელმაც მალევე მიწის ფართობი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასხვისა, აღნიშნული სავარგულები გასულ წელს კიდევ ერთხელ გაიყიდა.
ცნობისთვის, ზეღდულეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით, გასული წლის განმავლობაში საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მიმდინარე წლის იანვარში, მიწის ამჟამინდელმა მესაკუთრემ მზადყოფნა გამოთქვა, ზეღდულეთში მდებარე სადაო ფართობისნაწილი - 30 ჰექტარი სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაეცა სოფლისთვის, თუმცა, სოფლის მოსახლეობის ნაწილისთვის ეს წინადადებაც მიუღებელი აღმოჩნდა. მოსახლეობის განცხადებით, მიწის ფართობის სრულად დაბრუნების გარდა სხვა წინადადებას არ განიხილავენ.