საზოგადოება
05.08.2022 10:18
ისტორიასა და ზოგად უნარებში ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა ისტორიასა და ზოგად უნარებში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტებს ეს საგნები ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.

რაც შეეხება ზოგად უნარებს, ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 30%-ზე (24.00 ქულაზე) მეტი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

კვირის ამბები