საზოგადოება
03.08.2022 16:56
შინდისში 17 გმირის მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 17 გმირის მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს, - აღნიშნული ინფორმაცია „გორის მაცნეს“ მერის წარმომადგენელმა შინდისის ტერიტორიულ ერთეuლში, მირიან მაზმიშვილმა დაუდასტურა. აღნიშნული მონუმენტი, შინდისის გმირების მემორიალის მიმდებარედ განთავსდება.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების პორტრეტული მონუმეტის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაანონსდა, თუმცა, ნამუშევრის დასრულება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად, შინდისში, 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიციის შექმნის იდეის ავტორები ედმონდ მინაშვილი და მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე არიან.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

კვირის ამბები