საზოგადოება
03.08.2022 16:40
საქართველოს ბაზარზე არსებული ცემენტის უმეტესობა ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს - ცემენტის ასოციაცია

საქართველოს ცემენტის ასოციაციაციამ ბაზარზე არსებული პროდუქციის ხარისხი შეისწავლა. ასოციაციის ინფორმაციით, კვლევის ჯგუფის მიერ აღებული ცემენტის 400 ნიმუშიდან 65% ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

როგორც ანგარიშით ირკვევა, ბოლო წლების განმავლობაში, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მასალების აკრედიტებულ ლაბორატორიებში, ასოციაციამ ცემენტის 400-მდე ნიმუშის ტესტირება მოახდინა.

ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპულ სტანდარტს მხოლოდ საკვლევი ნიმუშების 35% შეესაბამება, 65%-მა კი ვერ დააკმაყოფილა EN სტანდარტის მოთხოვნები.

როგორც ცემენტის ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული, ამგვარი მაჩვენებელი მიუთითებს იმას, რომ მომხმარებლები, როგორც სამშენებლო უსაფრთხოების, ისე ცემენტის სიმტკიცისა და ფასის თვალსაზრისით, მოტყუებულები რჩებიან და უახლოეს მომავალში მოხდება ამ მიმართულებით არსებული პრობლემების დარეგულირების გეგმის წარდგენა.

ფარული ტესტირებისთვის შეფუთული ცემენტის ტომრების შეძენა განხორციელდა  თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმსა და აგარაში.

რაც შეეხება კვლევაში მოხვედრილი ცემენტის მწარმოებლებს, შემოწმებული ნიმუშებიდან 24 წარმოებულია 12 ადგილობრივი კომპანიის მიერ, 8 - ოთხი თურქული კომპანიის მიერ. 1 ნიმუშის მწარმოებელი უცნობია, რადგან მათ ტომარაზე მწარმოებელზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.

კვირის ამბები