საზოგადოება
03.08.2022 10:45
ამჟამად ყველაზე მეტად ის პირები ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი - ინფექციონისტი

ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

ბუწაშვილის ინფორმაციით, ომიკრონის შტამი, რომელიც ქვეყანაში ამჟამად ცირკულირებს, ხშირად ხასიათდება ინტოკსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით - გულისრევით, ფაღარათით, გულისრევით.

,,მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს:

- გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, თითქოს, ეს არის თანდართული ენტეროვირუსი, სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს.

- ახასიათებს ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ.

- მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ“, - წერს ბუწაშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ფილტვის დაზიანების შემთხვევები ამჟამად ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. რაც შეეხება ტესტირებას, სიმპტომების დაწყების შემთხვევაში, სწრაფი ტესტი ან PCR ტესტის გაკეთება მიზანშეწონილია სიმპტომების დაწყებისთანავე, უსიმპტომო და ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში კი, მიზანშეწონილია, ინფიცირებულთან კონტაქტიდან 5 დღის შემდეგ ტესტირება.

კვლევებთან დაკავშირებით კი, ინფექციონისტის რეკომენდაციით, D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს.

ბუწაშვილის დაკვირვებით, ამჟამად ყველაზე მეტად ის პირები ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა ტალღებს გადარჩენილი სეგმენტი.

კვირის ამბები