„იავნანას“ სამშობიაროში ტყუპი ბიჭი დაიბადა, ტყუპის დაბადებამდე, ოჯახს 4 გოგონა ჰყავდა
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ სამშობიაროში 31 წლის თინათინ ბუაჩიძეს ტყუპი ბიჭი შეეძინა.
გიორგი და ლაზარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მცხოვრები ბუაჩიძე-დემურაშვილის ოჯახის მეხუთე-მეექვსე შვილია. ახალშობილ ბიჭებს შინ 4 და ელით - მარიამი, ხატია, ბარბარე და ანა. ყველაზე უფროსი, მარიამი 11 წლისაა, უმცროსი, ანა კი - 3-ის.
მშობიარობას, რომელიც საკეისრო კვეთით ჩატარდა, კლინიკის სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ვასიკო სიმონია უძღვებოდა. სიმონიას განცხადებით, დედა და ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.
„შემოსვლისას, მშობიარეს მდგომარეობა იყო საკმაოდ საყურადღებო, ჰქონდა პრეეკლამფსია მძიმე ფორმის, ასევე სხვა გართულებები, ფიქსირდებოდა 34 კვირის ორსულობა, ეს გახლდათ მისთვის მეშვიდე მშობიარობა, საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება. დედა თავს კარგად გრძნობს, დამაკმაყოფილებელია ბავშვების მდგომარეობაც, მკურნალობა უტარდებათ „იავნანას“ პედიატრიულ სტაციონარში. რამდენიმე დღეში დედაც და შვილებიც დატოვებენ სამედიცინო ცენტრს“, - განუცხადა „გორის მაცნეს“ ვასიკო სიმონიამ.