საზოგადოება
02.08.2022 14:07
მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა, ოკუპირებული ახალგორიდან გადმოყვანილი მამაკაცი გარდაიცვალა
ოკუპირებული ახალგორიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადმოყვანილი მამაკაცი გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგორის რაიონის სოფელ მარტიანში მცხოვრები თენგიზ მარტიაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ჯერ ახალგორის, შემდეგ კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი, ნათესავებს საშუალება მისცეს, რომ პაციენტი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ, თუმცა, მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, თენგიზ მარტიაშვილი, რომელიც ოკუპირებულ დაბაში მესაქონლეობას მისდევდა, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია GMnews-ს დაუდასტურა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმაც.
,,თენგიზ მარტიაშვილი ოკუპირებული ახალგორის რაიონში, სოფელ მარტიანში ცხოვრობდა, სადაც მესაქონლეობას მისდევა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მან ახალგორში მიმართა საავადმყოფოს, საიდანაც გადაიყვანეს ცხინვალში, მაგრამ, მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულყოფილი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემაა, მოხდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, რის შემდეგაც, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო მისი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა და სამწუხაროდ, მარტიაშვილი გარდაიცვალა. საუბარია ვირუსულ დაავადება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე “, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
კვირის ამბები