შიდა ქართლში ქერისა და ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. მოსავლის ნაწილი მეურნე-ფერმერებმა უკვე დააბინავეს. რაც შეეხება მარცვლეულის ამღებ ტექნიკას, ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მინდვრებში 40-მდე კომბაინი მუშაობს და ზემოხსენებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება მოსახლეობას შეუფერხებლად შეუძლია, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მამუკა ლომსაძემ განაცხადა.
„მიმდინარე სეზონზე ქერისა და ხორბლის გაცილებით უკეთესი მოსავალი მივიღეთ. გარემო პირობებმა და კარგად შერჩეულმა სათესლე მასალამ მოსავლის რაოდენობა და ხარისხი გაზარდა. მაგალითად, 50-მდე ფერმერმა ხორბლის 4 ტონაზე მეტი მოსავალი მიიღო, რაც კარგ მაჩვენებლად ითვლება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს, მსოფლიოში არსებული მარცვლეულის კრიზისის გათვალისწინებით, მოსავლის დანაკარგის რიკებისგან თავი მაქსიმალურად დავიზღვიეთ. გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე მეტი მარცვლეულია დათესილი, იქ კი, მზესუმზირების სანახავად უამრავი ადამიანი ადის და შესაძლოა, ანთებული სიგარეტის ნამწვი, ასანთის ღერი გადააგდონ, ან სულაც მოძველებულ კომბაინს გაუჩნდეს ცეცხლი, ამიტომაც ჩემი ინიციატივით, ალოობის დასრულებამდე სახანძრო სამსახური იმორიგევებს,“ - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.