1-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, პროფესიული განათლების პროგრამებზე დარეგისტრირდეს და სასურველ პროფესიას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს.
რეგისტრაციისთვის, აპლიკანტებს შეუძლიათ, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს მიმართონ. დაინტერესებულ პირებს, ასევე, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმიც და რეგისტრაცია ონლაინ, ვებგვერდის www.vet.emis.ge მეშვეობით გაიარონ.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. გარდა ამისა, იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით.