საზოგადოება
01.08.2022 12:27
დღეიდან, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება დღეიდან, პირველი აგვისტოს 12:00 საათიდან დაიწყება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლას, ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიო პრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიო პრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბიოწარმოების შედეგად მიღებულ და ბიოსერტიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს. ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს. პროექტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები