საზოგადოება
01.08.2022 11:01
მეგობრად დარჩა დიაკვნობაში, მღვდლობასა და მღვდელმთავრობაშიც...
ორი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავრის, ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ძალზე ბევრი მოქალაქე გამოთქვამს წუხილს და სოციალური ქსელის მომხმარებლები მეუფესთან დაკავშირებით არაერთ ისტორიას იხსენებენ.
ძალიან ბევრი დრო გვაქვს ერთად გატარებული - გვისაუბრია, გვიკამათია, გვიტირია და გვიცინია. აღსარებისას იცოდა შენთან გათანატოლება - ეს თვისება კი სამომავლოდ სასიცოცხლო ძალებს გჩუქნიდა, - წერს ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ალექსანდრე ოქროპირიძე.
,,2004 წლის ივლისში,
პეტრეპავლობის მარხვაში
გავიცანი, მაშინ მხოლოდ ბერი იყო
და იმ დღესვე დავძმაკაცდით,
ჰო, ეგეთი იყო...
ძალიან ბევრი დრო გვაქვს ერთად გატარებული - გვისაუბრია, გვიკამათია, გვიტირია და გვიცინია.
აღსარებისას იცოდა შენთან გათანატოლება - ეს თვისება კი სამომავლოდ სასიცოცხლო ძალებს გჩუქნიდა...
მოულოდნელად შენდობას ისე გთხოვდა, რომ სილას გაგაწნავდა შენივე სიამაყე...
თავდავიწყებით უყვარდა და ბოლომდე სჯეროდა თავისი მოძღვრის, ზედმიწევნით ასრულებდა ლოცვა - კურთხევას...
პატარა ბავშვივით უხაროდა, როცა მეუფე ანდრია გვსტუმრობდა, აი იცით როგორ? - ხელებს ერთმანეთზე სწრაფად გაუსვამდა ხოლმე და ბოლომდე გაიკრიჭებოდა, მერე გვეტყოდა: აბა, რა ხდება ხვალ თუ იცით თქვენო? - თვალს ჩაგვიკრავდა და ჩამარცვლიდა - მ ე უ ფ ე ა მ ო ვ ა.
მეგობრად დარჩა დიაკვნობაში, მღვდლობასა და მღვდელმთავრობაშიც...
მეტიც, ვერ ვუძახდი მეუფეს, მავიწყდებოდა ხოლმე, მამაოთი მივმართავდი, ეღიმებოდა, მერე უცებ „გამოვასწორებდი" და უფრო ეღიმებოდა, უნებურად მომდიოდა, რადგან ჩემს წინ მუდამ მეგობარი იდგა... წლების მერე მივეჩვიე...
სიტყვები, რომელებიც ზოგჯერ
მაბრაზებდა, მამშვიდებდა და გულსაც მითბობდა:
• დედა ბიჭო, გადამრევს ეს კაცი...
• დამშვიდდი ალექსანდრე...
• არაა საჭირო მაგი...
• მიენდე უფალს...
• ილოცე...
ერთხელ იანვრის ყინვიან ღამეში, მაღალაანთ ეკლესიასთან მანქანა გაგვიფუჭდა, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ამაოდ... ფეხით წავედით ქვაბთახევისკენ, ისე ბარდნიდა არაფერი ჩანდა, ოთხ საათზე მეტი ვიარეთ აღმართზე მეტრამდე თოვლში, არ შეუწყვეტია ლოცვა, ძალიან დაიღალა და გული ცუდად გაუხდა, წყალს არ სვამდა, უნდა ვწიროო... სვენებ - სვენებით, როგორც იქნა მივედით მონასტერში, თვითონაც მიხვდა, რომ ძალიან ცუდად იყო, კუნთები უბრალოდ ვეღარ ემორჩილებოდა, თან ყველამ ძალიან სთხოვა და დაგვიჯერა, წამალი დალია, დაწვა...
რამდენიმე წუთში კელიას ჩავუარე და ღმერთო, რა ხმით სთხოვდა უფალს პატიებას, რომ წირვაზე დგომას ვერ შესძლებდა... მე ასეთი გულწრფელი ლოცვა ბევრჯერ არ მომისმენია...
იყო შემთხვევები, როცა გვიან ღამით „სტუმრები" მოდიოდნენ ყვირილით, პროტესტით, რომ მათ კუთვნილი ტერიტორიაზე ჭიქა ღვინო ვეღარ წექციათ ჩვენი დაწესებული წესების გამო და ხელით შეხების მცდელობაც ჰქონიათ მასზე... არ მახსოვს იგივეთი ეპასუხა და მყისვე კურთხევასაც გასცემდა -
არავის არ ეპასუხა აგრესიით!
არადა რა ვაჟკაცი და მამაცი იყო ყველამ იცის, უბრალოდ აქაც მისი ქრისტეს მიბაძვის სურვილი ჩანდა და ბევრს ითმენდა...
რა სითბოთი ესაუბრებოდა ტელეფონით დედ-მამას, დეიდას და როგორი სევდით იგონებდა მის გარდაცვლილ ძმას - ეს ცალკე თემაა...
ძალიან უყვარდა ძაღლები, მონასტერში იყო ბებერი ნაგაზი გუდა, რომლისაც ყველას ეშინოდა, იმდენი ქნა, სანამ ყველას სათითაოდ ხელის გულიდან ჭმევა არ გვაიძულა და არ დაგვამეგობრა...
ჩემსავით ძალიან უყვარდა ნაყინი და მარმელადი - ჰოდა მოჰქონდა ხოლმე ჩემთვის და სანამ არ გავხსნიდი, სანამ ძალით არ შევუტანდი ხელს არ ახლებდა...
მასში მუდმივად ცხივრობდა ღმერთის ერთგული ბავშვი...
მე ასეთ მეუფე დამიანეს ვიცნობდი და ძალიან, ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება... ერთი წინადადებით კი ის იყო - ნამდვილი მოღვაწე ბერი - მღვდელმთავრის ხარისხით...
შეხვედრამდე“, - წერს ალექსანდრე ოქროპირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მეუფე დამიანე 30 ივლისს, მარტყოფთან მომხდარი ავარიის დროს გარდაიცვალა.
კვირის ამბები