საზოგადოება
29.07.2022 15:01
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო NAITS-ის სისტემაში ჩაერთვება

ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო NAITS-ის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვება. NAITS საქართველოს მასშტაბით აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, ასევე, მათი ადგილსამყოფელის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა და მფლობელების შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს FAO-ს წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს თანამშრომლებს უკვე შეხვდნენ და ელექტრონული სისტმის ტექნიკური ნაწილისა და ფუნქციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

NAITS-ის სისტემა ამ ეტაპზე 25 სხვადასხვა მოდულისგან შედგება. მასში დარეგისტრირებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ასობით ვეტერინარი და ინსპექტორი, თავმოყრილია მონაცემები მილიონზე მეტ მსხვილფეხა საქონელსა და მათ მფლობელებზე. როგორც ცნობილია, NAITS მიზნად ისახავს უზრუნველყოს სისტემის მდგრადობა და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენა იქონიოს ცხოველთა ჯანმრთელობაზე.

ცნობისთვის, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც NAITS-ი დანერგა. მისი შექმნის პროცესში გათვალისწინებულია საქართველოში არსებული რეალობა და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, ასევე, ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება.

პროექტს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

კვირის ამბები