საზოგადოება
29.07.2022 14:53
„ილიაობა 2022“-ის მასპინძელი შიდა ქართლის რეგიონია, ღონისძიება ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში სახალხო დღესასწაული - „ილიაობა“ გაიმართება. როგორც ცნობილია, ღონისძიებას ორგანიზატორობას, წელს, შიდა ქართლის მხარე უწევს.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგურამოს მუზეუმში რამდენიმე აქტივობა გაიმართება, წარმოდგენილი იქნება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი:

ხელნაკეთი ნივთებისა და თექის ნამუშევრების გამოფენა;

მანანა კელაპტრიშვილის ნაქსოვი თოჯინების გამოფენა;

მხატვარ თეა ქუტაშვილი ნახატების გამოფენა;

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის კუთხე;

წინარეხის სკოლის მემორიალური ნივთების გამოფენა;

ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმის გამოფენა და მასტერკლასი;

ჩურჩხელების დავლების მასტერკლასი;

ნაზუქის ცხობის მასტერკლასი;

ტურიზმის კუთხე და მოლაშქრეთა მასტერკლასი;

უნივერსიტეტის კუთხე;

გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის გამოფენა;

დადგენილი განრიგის მიხედვით, 16:00 სთ-ზე გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სტუმრებს ღია სივრცეში წარუდგენს სპექტაკლს.17:00 საათზე კი, გალა კონცერტია დაგეგმილი. ღონისძიებაზე 18:00 საათიდან ბენდი „კანუდოსი“ და ბენდი „Spam Jam“ დაუკრავს.

წელს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილე აღინიშნება. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და მწერალი, ილია ჭავჭავაძე 1837 წელს დაიბადა. 1907 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე წიწამურთან მოკლეს. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმიდანად შერაცხა და უწოდა ილია მართალი, მისი ხსენების დღეა 2 აგვისტო.

 

კვირის ამბები