საზოგადოება
29.07.2022 14:02
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ინტერნეტ სივრცეში გახშირებული თაღლითობის შემთხვევებზე აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ინტერნეტ სივრცეში გახშირებული ფიშინგის შემთხვევებზე აფრთხილებს. სებ-ი ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას და  კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია.

„გორის მაცნე“ სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე. წ. ფიშინგის ნიშნებს.

უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებ-გვერდების მისამართებთან.

მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებ-გვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები