გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა პირველ აგვისტოს ჩაინიშნა. როგორც ცნობილია, სხდომაზე, საბჭოს წევრები გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხს განიხილავენ. რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საბჭოს სხდომა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება - შინდისის გმირების გზატკეცილი, მე-2 კმ.
„საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა დაეთმობა გორის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის საკითხს. პრობლემების ან მოსაზრებების შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ საბჭოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gorismerismrchevltasabcho@gmail.com“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელით დაიწყო.