საზოგადოება
28.07.2022 11:42
მედიკამენტებზე ზღვრული ფასის განსაზღვრა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება

საქართველოში იგეგმება მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განისაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნანა შაშიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენსული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. ნებისმიერ მეწარმეს, ასევე შეეძლება ნებისმიერი მედიკამენტი სასურველი ღირებულებით შემოიტანოს და რეალიზაცია განახორციელოს იმ ფასად, რა ფასიც მისთვის მომგებიანია.

„რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები. რეფერენტული ფასების პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. რეფერენტული ფასები რამდენიმე მიმართულებით მოიცავს სამუშაოს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე უკვე ახორციელებს.

არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე მუდმივად მუშაობს. პირველი ეს არის, რომელი ქვეყნები იქნება შერჩეული რეფერენტულ ქვეყნებად. ქვეყნების შერჩევისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაბალი ფასები. ამ ქვეყნებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ქვეყანა გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება.

ანუ, რეფერენტული პოლიტიკით დადგინდება ზღვრული ფასი, რა ფასადაც ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა შესაძლებელი გახდება, თუმცა ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია ნებისმიერი მედიკამენტი სასურველი ღირებულებით შემოიტანოს და რეალიზაცია განახორციელოს იმ ფასად, რა ფასიც მისთვის მომგებიანია. მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ვიმეორებ, დაწესდება ის ზღვრული ფასი, რა ფასის ზემოთაც ფიზიკურად მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის ვეღარ მოხდება. მედიკამენტები შემოვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან. ასევე, კანადადან და ავსტრალიიდან“, - განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.

კვირის ამბები