საზოგადოება
28.07.2022 11:38
აბიტურიენტებისთვის გამოცდაზე მიღებული ქულების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან დაიწყება - გამოცდების ეროვნული ცენტრი

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან იგეგმება, - ამის შესახებ შეფასებისა და და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

გორგოძის თქმით, სააპელაციო განცხადებების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების დასრულებისთანავე დაიწყება.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მომავალი კვირიდან, პირველი აგვისტოდან იგეგმება, სააპელაციო განცხადებების მიღება კი, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების დასრულებისთანავე დაიწყება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ საკუთარი შედეგი”, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა 100-მდე გამოსაცდელისთვის, მათ შორის არიან როგორც აბიტურიენტები და სტუდენტები, ასევე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. დამატებითი გამოცდების ჩატარება კვლავ იგეგმება რამდენიმე საგანში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა. 27 ივლისს დასრულდა საერთო სამაგისტრო გამოცდების ძირითადი სესიებიც.

კვირის ამბები