სპორტი
27.07.2022 14:38
გორელმა ძიუდოისტმა, დავით ქარელმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღსაზრდელმა, დავით ქარელმა, სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ბრინჯაოს მედალო მოიპოვა.

60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა, მედლისთვის შეხვედრაში, იტალიელი მანუელ პარლატი დაამარცხა. ქარელი ასევე შეხვდა სომხეთის (ხაჩატურ ბაღდასარიანი), უკრაინის (ნაზარ ვისკოვი) და ნიდერლანდების (ვან ჰარტენი) წარმომადგენლებს, მათგან ორს მოუგო, ჰოლანდიელ მოწინააღმდეგესთან კი - დამარცხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტს მოველოდი, ჩემი შედეგი ჩემთვის მაინც დამაკმაყოფილებელია. ამ შეჯიბრებისთვის მზადების პროცესში დიდი შრომა მქონდა ჩადებული. ერთ თვეში გვიწევს უკვე მსოფლიო ჩემპიონატი და ვეცდები ის ნიუანსები, რაც ამ შეჯიბრებაში გამოიკვეთა, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვასწორო და უკეთესი შედეგით დავბრუნდე“, - აღნიშნა დავით ქარელმა.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, შეჯიბრება სპორტის 10 სახეობაში მიმდინარეობს. გორიდან 2 მონაწილეა, ორივე ძიუდოისტი - ქარელმა უკვე იასპარეზა, ხვალ კი, არენაზე მეორე სპორტსმენი - არჩილ მამულაშვილი (90 კგ) იასპარეზებს.

კვირის ამბები