თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდა. ავტომობილებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ისპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, მიმდინარე წლის იანვრიდან, ვალდებულები არიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ინსპექტირების სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.
ამ დროისთვის, თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის ტექნიკური ინსპექტორების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლებელებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ინსპექტირების ცენტრებს: შპს „გაზკონტროლი“ - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67; შპს „ჰესლერი“ ქ. თბილისი, გიორგი მდივანის პირველი შესახვევი N100; შპს „გიომოტორსი“ - ქ. გორი, სუხიშვილის ქ.N63; შპს „გიომ1“ - ქ. ქუთაისი, აბაშიძი ქ. N32.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.