სოფელ კარბში ორი კვირის წინ მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, 30 წლამდე ასაკის მამაკაცსა და თანასოფლელ ხანდაზმულ ქალს შორის საყოფაცხოვრობო ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეზობლების თქმით, სარწყავ წყალზე ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალა-ტვინის ტრავმის გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ოპერაციის შემდგომ, პაციენტი მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში თუმცა, მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.