საზოგადოება
22.07.2022 13:49
ქვახვრელისა და უფლისციხის მაცხოვრებლებისთვის გენდერული თანასწორობის საბჭომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ სოფელ ქვახვრელში საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც ქვახვრელისა და უფლისციხის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მოეწყო, 21 მონაწილე ესწრებოდა, მათგან - 19 ქალი და 2 მამაკაცი.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, შეხვედრების მიზანია მოსახლეობაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრების მიზანს მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს, მათ შორის ქალების მიმართ, ან ოჯახში ძალადობაზე, სახელმწიფოში არსებული მსხვერპლებისთვის განკუთვნილი დაცვისა და დახმარების მექანიზმებზე. ამასთან, მოსახლეობასთან შეხვედრებზე, საბჭოს წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ ქალთა განათლების, განვითარებისა და დასაქმების მნიშვნელობაზე. მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობებზე, ასევე, საკრებულოს სხდომებზე და პრიორიტეტების დოკუმენტების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო 24 წევრისგან შედგება, მასში გაწევრიანებული არიან როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კვირის ამბები