გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის დამფუძნებელი გორის უნივერსიტეტის რექტორი, მწერალი და ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი გახლავთ. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების გზავნილია „ხელოვანები მშვიდობისათვის“ და მიზნად ისახავს ხელოვნების როლის წარმოჩენასა და ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას.
ხელოვნების ფესტივალი გუშინ გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება. „მაჩაბელის“ გახსნის ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან და მონაწილეებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფესტივალის საერთაშორისო მასშტაბებსა და ხელოვნების როლზე გაამხვილა ყურადღება.
ფესტივალში ქართველ ხელოვანებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სტუმრები ოთხი ქვეყნიდან - ისრაელი, საფრანგეთი, იტალია და თურქეთი.
ფესტივალის პროგრამა საკმაოდდატვირთულია და როგორც ადგილობრივი, ისე, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანების მასტერკლასებს, საჯარო ლექციებს, შემეცნებით დისკუსიებს, ფოტოგამოფენებს, მუსიკალურ ნომრებს, კინოჩვენებას და განხილვას მოიცავს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით ფოტოგრაფიისა და ფოტო ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივებას, მხატვრობაში ახალი სახეების აღმოჩენას, ახალგაზრდობის ჩართულობას და მათ შემოქმედებით გააქტიურებას. პროექტი, ასევე, ემსახურება ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახადოს საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზრდოს ქვეყნის ცნობადობა.
შეგახსენებთ, რომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს გამარჯვებული პროექტია და მას სამინისტროსა და უნივერსიტეტთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერაც აქვს.
ფესტივალის ფარგლებში, დღეს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელის“ გამარჯვებულების დაჯილდოება. ხვალ კი, გასვლითი ღონისძებებია დაგეგმილი სოფელ დიცსა და არბოში (ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში).